ჩუგოშვილი - კონტროლის პალატისა და შსს-ს ამგვარი მიდგომა პოლიტიკური ნიშნით დევნას ჰგავს
ჩუგოშვილი - კონტროლის პალატისა და შსს-ს ამგვარი მიდგომა პოლიტიკური ნიშნით დევნას ჰგავს
16:31 16.03.2012
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონტროლის პალატაში დაკითხვაზე არმისული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უკანონობას უწოდებს.  ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩუგოშვილის განმარტებით, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ უწყებაში მითითებულია, რომ მათი მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა კანონით ისჯება.
საია მიიჩნევს, რომ შინაარსი ბუნდოვანია და დაუშვებელია უწყებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.
საია-ს თავმჯდომარის თქმით, მოქალაქეები, როგორც ადმინისტრაციული სამართლის დამრღვევები ისე არიან დაბარებულები კონტროლის პალატაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, მათ მიიჩნევს როგორც მოწმის სტატუსით დაბარებულებს და ახსნა-განმარტებების არ მიცემისთვის გამოძიებას იწყებს.
"მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გადაუგზავნა მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რითაც გააძლიერა ეჭვები ამ პროცესის კანონიერ მიზნებთან შესაბამისობის თაობაზე" - განაცხადა ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ კონტროლის პალატისა და შსს-ს ამგვარი მიდგომა, პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნას უფრო ჰგავს.

ბეჭდვა