ჯანმრთელობის გაუარესების გამო პატიმართა გათავისუფლებაზე რეკომენდაციები შემუშავდა
ჯანმრთელობის გაუარესების გამო პატიმართა გათავისუფლებაზე რეკომენდაციები შემუშავდა
16:12 16.03.2012
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პატიმართა გათავისუფლების მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველომ" რეკომენდაციები შეიმუშავა.  

რეკომენდაციებს მხარს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს. პაკეტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს წარედგინება.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რეკომენდაციები ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის რამდენიმე ასპექტს უკავშირდება - კომისიის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას, კანონმდებლობის ხარვეზებს და კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას.

"ბევრი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მათი ციხის პირობებში გაჩერება სასტიკი, არაადამიანური და ღირსებისთვის დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასია" - აღნიშნეს იურისტებმა.
მათი თქმით, პატიმრების გათავისუფლება ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ევალება. სამწუხაროდ, ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, გამოცდილება აჩვენებს, რომ კომისია ვერ ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას.

ბეჭდვა