ლატვიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში უახლოესი ავიარეისით დააბრუნებენ.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში კონსტანტინე კორკელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საზღვრის ვიზის გარეშე გადაკვეთა მოინდომა.
"თურქეთიდან მომავალმა საქართველოს მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთა შენგენის ვიზის გარეშე მოინდომა. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ის შენგენის ზონაში აღარ შემოუშვეს. ამჯერად, იგი აეროპორტში იმყოფება და უახლოესი რეისით, სავარაუდოდ, ხვალ სამშობლოში დააბრუნებენ"- განაცხადა კონსტანტინე კორკელიამ.
ლატვიის პოლიციამ შენგენის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დღეს დააკავა.
