ეროვნულ არქივში ახალი პროექტი იწყება
ეროვნულ არქივში ახალი პროექტი იწყება
10:37 16.03.2012
მინაზე შესრულებული ფოტონეგატივები ელექტრონულ ფორმატში შეინახება.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიდან აცნობეს, ელექტრონულ  ფორმატში გადატანილი ფოტონეგატივები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მათივე ინფორმაციით, ეროვნული არქივის ფოტოსაცავი ფოტოს პოზიტივებს, ნეგატივებს და სლაიდებს მოიცავს. ფოტოდოკუმენტების საერთო რაოდენობა 360 000-ს აღემატება, მათ შორის 28 187 მინის ნეგატივია, რომლის დასკანერების შესაძლებლობა ათეულობით წლების განმავლობაში არ იყო.
არქივის ინფორმაციით, ფოტოების ხელმისაწვდომობისთვის ეროვნულმა არქივმა სპეციალური აპარატურა შეიძინა, რომელიც ყველა ზომის მინის ნეგატივის პოზიტივზე გადატანის საშუალებას იძლევა.
პირველ ეტაპზე დაიწყო ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებისა და ვახტანგ ღამბაშიძის კოლექციის დასკანერება, რომელიც 1860-1938 წლების 2 ათასზე მეტ ფოტოს მოიცავს. კოლექცია მოიცავს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ღირებულების ფოტოსურათებს.
ფოტოების ანოტაციათა მიხედვით, მასზე ასახულია 1900-იანი წლების თბილისი, ბათუმი, ფოთი, ბორჯომი, საქართველოს სამხედრო გზის სხვადასხვა მონაკვეთი და კულტურული ექსპედიციები.

ბეჭდვა