"42-ე მუხლი" 112-ის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს
"42-ე მუხლი" 112-ის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს
14:13 15.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მთავრობის იმ დადგენილების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომელიც 112-ის მომსახურების საფასურის გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა და იურისტმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნით დღეს ისინი სარჩელს საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.
მათი განცხადებით, მთავრობის დადგენილება მოსახლეობას არათანასწორ პირობებში აყენებს, რადგან 112-ის საფასურის გადახდა უწევს ყველას, ვინც მობილური ტელეფონით სარგებლობს და თვეში 5 ლარზე მეტს ხარჯავს.
"მობილური ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტელეფონი ან საუბრისას თანხებს მომჭირნედ ხარჯავს"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ლეგაშვილის განმარტებით, დადგენილება საკუთრების უფლებასაც ეწინააღმდეგება, რადგან პირი ვალდებულია 112-ის გადასახადი გადაიხადოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საერთოდ არ სარგებლობს ამ მომსახურებით. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევისაგან არაფრით განსხვავდება.

მთავრობამ ეს დადგენილება 2011 წლის 27 დეკემბერს გამოსცა და იანვრიდან მოსახლეობა ამ მომსახურებისთვის გადასახადს იხდის. თუმცა, სამსახური 112 მაისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

ბეჭდვა