პოლიციის აკადემიაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებული სწავლების დახურვის ცერემონია ხვალ გაიმართება.
სწავლება კრიზისების მართვის სისტემის შემდგომ დახვეწას და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკასთან მის მაქსიმალურ დაახლოებას ისახავდა მიზნად.
როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული უშიშოების საბჭოდან აცნობეს, სწავლება ერთკვირიანია და იგი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ტარდება.
უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, სწავლებაში 15 სახელმწიფო უწყების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მასში ჩართული არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და მერიის თანამშრომლები.
მოწვეული ბრიტანელი და გერმანელი ექსპერტები მონაწილეებს სტრატეგიულ დონეზე კრიზისების მართვის სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და სპეციალური ოპერაციული სისტემის მუშაობის პრინციპებს აცნობენ. ხვალ სწავლება კრიზისული ვითარებისა და მისი მართვის სიმულაციური ვარჯიშით დასრულდება.
სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიას, რომელიც პოლიციის აკადემიაში გაიმართება, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
