კონტროლის პალატა-"ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯები რეალობას არ შეესაბამება
კონტროლის პალატა-"ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯები რეალობას არ შეესაბამება
18:14 14.03.2012
კონტროლის პალატა მიიჩნევს რომ "ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯები რეალობას არ შეესაბამება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კონტროლის პალატამ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯები - სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ, არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში.
განცხადების მიხედვით, სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია კერძო ფირმების - ძირითადად კი კომპანია შპს "მენეჯმენტსერვისის" მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას.
"ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. "შავი ფულის" სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით" - აღნიშნულია განცხადებაში.

ბეჭდვა