უფლებადამცველი ორგანიზაციები, კონტროლის პალატის მიერ ახსნა-განმარტებისთვის მასობრივად დაბარებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად,
მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი განმარტებით, კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, მოქალაქეებს კანონით გარანტირებული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებას უზღუდავენ.
"კონტროლის პალატის წარმომადგენლები ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე იბარებენ ადამიანებს დაკითხვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არავის, მათ შორის ახლობლებს და ჟურნალისტებს არ აძლევენ საშუალებას შევიდნენ შენობაში. ადვოკატებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნა საშუალებას მოგვცემს დროულად გავუწიოთ მოქალაქეებს იურიდიული დახმარება"- განაცხადა "არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" წარმომადგენელმა კახი კახიშვილმა.
მისივე განმარტებით, ისინი კონსულტაციას სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთანაც გაივლიან, რათა ჯგუფები ერთობლივად ჩამოყალიბდეს.
მობილური ჯგუფები იმ ქალაქებში ჩავლენ, სადაც კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეების დაკითხვა ხდება.
