ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია კონტროლის პალატას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების მასობრივ ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით საიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით მოქალაქეს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა. უწყების თანახმად, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეებს აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად იბარებენ.
საიას ინფორმაციით, დაბარებული მოქალაქეები დაცვის უფლებით არ იყვნენ უზრუნველყოფილნი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული თუ რატომ ხდება მათი დაბარება ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად. გარდა ამისა, ყველა უნდა სარგებლობდეს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
