საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარსულში ძარცვისა და მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა დავით ონიკაურმა, 2004 წლის 9 ნოემბერს ვაშლიჯვრის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ადამიანს ესროლა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 2011 წლის აპრილში, დავით ონიკაური დიღმის მასივში მდებარე სკვერში ხულიგნური მოტივით მოქალაქეს თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თუმცა, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას დავით ონიკაური წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას დანაშაულთა ერთობლიობით, 30 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
