კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ქართუ ბანკი" 822 040 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატა ავრცელებს.
პალატის ინფორმაციით, სს "ქართუ ბანკი" "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე" უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით 822 040 ლარით დაჯარიმდა.
"კორუფციული სქემის მიხედვით, სს ,,ქართუ ბანკმა" თავის თანამშრომლებს დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის ,,საზოგადოებრივი მოძრაობა - "ქართული ოცნებისთვის" შემდგომი გადარიცხვის მიზნით ჩაურიცხა" - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ამ ფაქტს ,,ქართუ ბანკის" თანამშრომლები რ.ქურდაძე და ზ. ხუხუნეიშვილი ადასტურებენ.
"რ. ქურდაძემ პრემიის სახით 44 400 ლარი მიიღო , ხოლო ზ. ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა, შემდგომ უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე მათ უარი განაცხადეს" - აღნიშნულია განცხადებაში.
