„სახალხო კრების“ წევრების წამებისთვის დაკავებულ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს ახალი ბრალი წაუყენეს
„სახალხო კრების“ წევრების წამებისთვის დაკავებულ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს ახალი ბრალი წაუყენეს
18:13 28.12.2012
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ახვედელიანს ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შსს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინრეობს.

განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყებას ბორჯომის რაიონ დაბა ახალდაბაში მცხოვრები ტრისტან ჩადუნელის, მერაბ რიკაძის და ნიკოლოზ ლომიძის განცხადება დაედო საფუძვლად, სადაც მიუთითებენ, რომ 2011 წლის 27 მაისს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გამოძიებით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 მაისს დაბა ახალდაბაში მცხოვრები ნიკოლოზ ლომიძე, ტრისტან ჩადუნელი და მერაბ რიკაძე თბილისში, იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „სახალხო კრების“ მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ. მიტინგის დარბევის შემდეგ, აღნიშნული პირები, დაბა ახალდაბაში 2011 წლის 27 მაისს გამთენიისას დაბრუნდნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, იმავე დღეს, დღის პირველ ნახევარში ზემოაღნიშნული პირები მეგობრებთან ერთად, დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან „ბურჯებში“ დასხდნენ, დაახლოებით 15-20 წუთში რესტორანში ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი, მისივე თანამშრომლებთან სერგო სამსონიძესთან, დავით ჩხიკვაძესთან და მამუკა მაღლაკელიძესთან ერთად მივიდა.

„რიკაძე, ლომიძე და ჩადუნელი გამოიყვანეს გარეთ, სადაც მამუკა ხვედელიანმა ტრისტან ჩადუნელს ხელი გაარტყა და უთხრა რომ „ეხლა ვეღარ უშველიდა ოპოზიცია“. შემდეგ კი აღნიშნული პირები ავტომანქანაში ჩაისვეს და ბორჯომის პოლიციის შენობაში წაიყვანეს, სადაც ხვედელინმა მათ „სახალხო კრების“ აქციაზე დასწრების გამო უსაყვედურა. ამის შემდეგ ცალ-ცალკე ოთახებში ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს“- აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე თქმით, იატაკზე წაქცეულ ლომიძეს მამუკა ხვედელიანი, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ლომიძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პოლიციის თანამშრომლები ფეხებს ურტყამდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რიკაძეს, ჩადუნელს და ლომიძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. მათი დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა2011 წლის 26 მაისს „სახალხო კრების“ მიერ გამართულ აქციაზე ყოფნით იყო განპირობებული.


ბეჭდვა