პარლამენტში დღეს სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება
პარლამენტში დღეს სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება
12:05 28.12.2012
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა კანონს ამნისტიის შესახებ. ის აქცენტს სწორედ პოლიტპატიმრების თემაზე აკეთებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ საქართველოში შეუძლებელია პოლიტპატიმრები რომ არსებულიყოო. რა თქმა უნდა ამ თემაზე დღევანდელ უმრავლესობას ჩვენი მოსაზრება გვაქვს და ამ მოსაზრებაზე ვრჩებით.
რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ, როდესაც ჩვენ კანონპროექტში 200-მდე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირი შევიყვანეთ, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა და ასეც მოხდა“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტში, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დღეს შევიდა.
„დღეს მოსალოდნელია ამ საკითხის განხილვა პარლამენტში. პრეზიდენტმა გამოაგზავნა კანონპროექტის თავისი ვერსია, საიდანაც ამოღებულია პოლიტპატიმრების შესახებ მუხლი და კიდევ რამდენიმე მუხლი. პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს და პირველ რიგში კენჭს უყრის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კანონპროექტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა პრეზიდენტის ვერსია არ მოიწონა, მაშინ პარლამენტი ვეტოს დაძლევის პროცედურას სეუდგება, რისთვისაც ჩვენ სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი დაგვჭირდება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ბეჭდვა