ადამიანის უფლებათა ცენტრი ოქრუაშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
ადამიანის უფლებათა ცენტრი ოქრუაშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
11:24 28.12.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილისათვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ამის შესახებ, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო პოლიტიკური მოტივით. ოქრუაშვილი დააკავეს 2007 წლის ნოემბერში ცნობილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მანამდე მის მიმართ ხელისუფლებას და სამართალდამცველ სტრუქტურებს პრეტენზია არ ჰქონია. დაკავებისთანავე გამოძიებამ მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო ე. წ. აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ოქრუაშვილი კი არ დააპატიმრეს, არამედ გაათავისუფლეს და ცოტა ხანში, ხელისუფლებამ მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობაც მისცა.
მართალია, ემიგრაციაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა, მაგრამ საგულისხმოა, რომ ქართული მართლმსაჯულების ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საფრანგეთის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად აღიარა და მისცა პოლიტიკური თავშესაფარი“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში..
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ პარლამენტს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭებინა.
„პოლიტპატიმართა სიიდან ირაკლი ოქრუაშვილის ამოღება არასამართლიანია, მით უფრო, როცა საქართველოში ჩამოსვლამდე და დაპატიმრებამდე, მას პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფისა და საფრანგეთის სასამართლოს მიერ მინიჭებული ჰქონდა პოლიტდევნილის სტატუსი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პარლამენტს და პარლამენტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს, დროულად განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმე და დღის წესრიგში დააყენოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის, გათავისუფლების საკითხი, ხოლო საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას და უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარება“ - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ბეჭდვა