გიორგი ისაკაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განცხადება გაავრცელა
გიორგი ისაკაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განცხადება გაავრცელა
18:03 27.12.2012
ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძემ, მოდულის შენობაში, დაკითხვაზე შესვლამდე განცხადება გაავრცელა, რომელსაც ნიუსპრესი უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი დაკითხვის საკითხი ეხება კომპანია „ლოგოს“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“ს თემას, რომელიც კავშირშია ბანკ „ქართუს“ თან. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ბოლო წლების ურთიერთობას ბანკ „ქართუ“–ს ამ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებსაც ბევრი „სასიქადულო პარტნიორები ჰყავდა“, თუმცა ლეგალურად და ფაქტობრივად დღეს ეს თემა ჩემთან ასოცირდება.
ნებისმიერი შედეგის დადგომის მიუხედავად, როგორც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქტიურ ბიზნესს თავს ვანებებ და ამის სამ ძირითად მიზეზს მოგახსენებთ:
1) მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიის საშუალებით, ლამის ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი ბოლო 1 წლის მანძილზე, რომელიც ღიად თანამშრომლობდა მედიასთან, მათ შორის საგამოძიებო გადაცემებთან, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას როგორც ამ კონკრეტულ პრობლემაზე, ასევე ბანკი „ქართუ“–ს თემაზე. მუდმივ კავშირზე ვიყავი ბანკის ახალ მენეჯმენტთან და არასდროს გავურბოდი (პირადად ვაქტიურობდი) მათთან ღია ურთიერთობას და კომუნიკაციას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა,რომ მიმაჩნია ჩემთან ასოცირებული კომპანიების შემთხვევა, თვისებრივად განსხვავდება იმ კლასიკური სქემისგან, რაც განხორციელდა ბანკთან მიმართებაში, მე მაინც გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ ამისთვის პასუხი ვაგო კანონის მთელი სიმკაცრით. ვსარგებლობ შემთხვევით, და ბოდიშს მოვუხდი ბანკი „ქართუ“–ს ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს, ასევე დირექტორატს, ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილი პრობლემების გამო.
2) მეორე მიზეზი, რის გამოც ბიზნესიდან მივდივარ, გახლავთ ჩემთვის სრულიად გაუგებარი პიარი და განცხადებები,რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე კვირის წინ, სადაც მხილებული ვიყავი, როგორც მონაწილე დანაშაულებრივი სქემისა და შემდგომ, ამის ტირაჟირება გაგრძელდა ბანკის მესვეურების მიერ. ბოლო აკორდი გახლდათ ინფორმაცია, რომ მე სხვა რამდენიმე კომპანიასთან ერთად, ბანკთან შევთანხმდი პრობლემის მოგვარებაზე. მე არ გახლდით საქართველოში ოჯახური პირობების გამო რამდენიმე ხანი. ვადასტურებ, რომ პირველად ვარ დღეს გამოძახებული საგამოძიებო სამსახურში და არც რაიმე შეთანხმებას ბანკ „ქართუსთან“ ადგილი არ ჰქონია. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, და მგონია, რომ მხოლოდ ამის შემდგომ, რაც სასამართლო და სხვა წინარე საგამოძიებო პროცედურები იქნება გავლილი, იქნებოდა შესაძლებელი ჩემი დამნაშავედ ან სულაც კაციჭამიად შერაცხვა. მიმვმართავ შსს–ს და ბანკ „ქართუ“–ს, რომ უახლოეს დღეებში გამოასწორონ გამოძიების დასრულებამდე ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ჩემი დანაშაულებრივი სქემაში მონაწილეობის გამოცხადების შესახებ, რითაც უხეშად დაირღვა როგორც უდანაშაულობის პრეზუმცია, მოხდა ბიზნესმენის შერჩევითი პრინციპით და გაუგებარი იარლიყების მიკერებით დასახელება. ასევე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, შსს–ს ამ შინაარსის განცხადების შემდეგ, სრულიად შელახული საქმიანი რეპუტაციით, გავაგრძელო ბიზნესის კეთება.
3) და ბოლოს – ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ აპოგეას მიაღწია კონფორმიზმა ბიზნესის მხრიდან. დეტალიზებას არ შევუდგები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად სხვადასხვა კალიბრის ბიზნესმენები ვართ, მე ვირჩევ რომ არ მქონდეს საზოგადოებაში სოციალური სტატუსი ბიზნესმენისა. ეს ჩემი პირადი არჩევანია. ვიდრე ბიზნესი არა ღირსების, არამედ დაცინვის ან კონფორმიზმის ალიტერაციაა“ - ნათქვამია გიორგი ისაკაძის განცხადებაში.


ბეჭდვა