კუბლაშვილი - პოლიტიკური თავდასხმებით სასამართლოს ვერაფერს დააკლებენ
კუბლაშვილი - პოლიტიკური თავდასხმებით სასამართლოს ვერაფერს დააკლებენ
15:04 27.12.2012
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, თავდასხმებით სასამართლოს ვერაფერს დააკლებენ.
ეს განცხადება კუბლაშვილმა, უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან 2012 წლის შედეგები შეაჯამა და 2013 წლის გეგმებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური თავდასხმები და ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სასამართლო ხელისუფლების მხრიდან იყო პასუხი თავდასხმების მიმართ და ყველამ გაიგო, რომ სასამართლოს მიმართ ასეთი თავდასხმები საზიანოა ისევ მისი ავტორებისთვის და ამით სასამართლოს ვერაფერს დააკლებენ.
2013 წლისთვის პარლამენტს შევთავაზებთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონის. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქმეთა წარმოების ელექტრონული სისტემის მოდულის შექმნას სასამართლოს გარე მომხმარებლებისათვის, რათა საკუთარი ოფისებიდან შეძლონ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელის შეტანა“- განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წელს დასრულდა სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაცია და პირველი ინსტანციის სასამართლოში 24 საქალაქო და რაიონული სასამართლო შეიქმნა. მათთან ერთად ასევე შექმნილია 40 მაგისტრალური სასამართლოც. ასევე, სასამართლო სხდომათა დარბაზების 95% მთლიანად აღჭურვილია სპეციალური ელექტრონული სისტემით, რომლითაც შესაძლებელია მიმდინარე სხდომის აუდიო ჩაწერა, რის შემდეგაც მხარეებს სხდომის ოქმი ელექტრონული ვერსიის სახით გადაეცემათ.

ბეჭდვა