ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი მოინახულა
ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი მოინახულა
14:39 27.12.2012
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს სსიპ - „112"-ის სამსახური მოინახულა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი თანამშრომლებს გაესაუბრა და ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, „112"-ის მუშაობის საგანგებო გრაფიკის მზადყოფნა გადაამოწმა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, „112" სრულად არის მობილიზებული და ახალი წლის დღეებში მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინებებს, „112" , მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

„დასვენების დღეებში, „112"-ის თანამშრომლები შეტყობინებების განსაკუთრებულ ზრდას ელოდებიან. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, სხვა სამსახურებთან (სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი) ერთად, მზად არის მიიღოს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ყველა სახის შეტყობინებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა „112"-ის მუშაობა და თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


ბეჭდვა