საგამოძიებო სამსახური ახვლედიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგამოძიებო სამსახური ახვლედიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:36 27.12.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ახვლედიანი დაკითხვაზე რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით. ამ
საკითხზე, საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, რომელიც 2006 –2010 წლებში თბილისის ვიცე-მერი, ამავე დროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.

ახვლედიანს შესაბამისი უწყება გუშინ ჩაბარდა.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი,ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს – ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად” - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხსენებულ საკითხთან. გამოძიების მიერ, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან და მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა