მატროსოვის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
მატროსოვის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
11:35 21.12.2012
„ქართული პარტიის“ წევრები, რომლებიც ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ მე-11 დღეა პოლიტპატიმრებად აღიარების მოთხოვნით შიმშილობდნენ, განცხადებას ავრცელებენ.
,,მადლობას ვუხდით ყველა პოლიტპატიმარს, საპარლამენტო კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ჟურნალისტებს, რომლებმაც დაიკავეს სწორი პოზიცია ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარების საკითხში. სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა ჩვენი გვარები ამოიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანი და დასამტკიცებელი პოლიტპატიმრების სიიდან. აღნიშნულის გამო ჩვენ შიმშილობაც გამოვაცხადეთ, თუმცა ვხედავთ, რომ არც ჩვენს 11-დღიან შიმშილობას მიაქციეს ყურადღება მათ, ვისაც ამის უფლებამოსილება და ვალდებულებაც გააჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ხორციელდება შერჩევითი სამართალი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე დევნილი და ახალი ხელისუფლების მიერ ჯერ არაღიარებული პოლიტპატიმრები ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას და ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარებისთვის ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდით, აუცილებლად გავაგრძელებთ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა