სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს ქუთაისის ინცინდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს ქუთაისის ინცინდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
14:24 20.12.2012
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, დღეს, ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართა.
„გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობდა. პარალელურად, შენობასთან მოქალაქეთა აქცია გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს და საქართველოს პრეზიდენტს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დეპუტატების ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს“ - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.
სახალხო დამცველი მიესალმება აგრეთვე იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაიწყო და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები გატარდება.

ბეჭდვა