მთავარი პროკურატურა 2008 წლის ომის დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად, ჯგუფების გაძლიერებას აპირებს
მთავარი პროკურატურა 2008 წლის ომის დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად, ჯგუფების გაძლიერებას აპირებს
15:03 19.12.2012
საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.
იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ფაქტებზე ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში, ამ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის პირველადი შესწავლა უკვე მიმდინარეობს. პირველადი შესწავლის შედეგად უნდა გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება, რის შესახებ გადაწყვეტილებაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უნდა მიიღოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას გეგმავს.

ბეჭდვა