შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მანქანის ნაწილების ქურდები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მანქანის ნაწილების ქურდები დააკავეს
10:50 19.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის ნაწილების ქურდობის ფაქტზე ორი პირი - 1974 წელს დაბადებული ზვიად ტ. და 1988 წელს დაბადებული ლევან ც. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 15 დეკემბერს, ზვიად ტ.-მ და ლევან ც.-მ დააზიანეს მალხაზ სულაიას, მალხაზ რუხაიას, დავით ურიდიასა და ვლადიმირ ლაბარტყავას კუთვნილი ავტომანქანები და მოიპარეს გვერდითი ხედვის სარკეები და მაგნიტოფონები.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მოპარული ნივთები ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა