,,მატროსოვზე“ პატიმართა მასობრივი შიმშილობის აქცია იწყება
,,მატროსოვზე“ პატიმართა მასობრივი შიმშილობის აქცია იწყება
14:43 18.12.2012
ე.წ. ,,მატროსოვის“ ციხის 26 პატიმარი, რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა, ამავე სიიდან ამოღებული, ლევან და კახა ტერაშვილების, დავით შიუკაშვილის და შალვა საბაშვილის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობის გამოცხადებას აპირებს.
მათი განცხადებით, ამორალურად და გაუგონარ ცინიზმად მიაჩნიათ, თვითონ ციხიდან გავიდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც მათი მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკნებში გამოკეტილი დარჩნენ.
,,ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთად გადავიტანეთ წამება, დამცირება, შეურაცხყოფა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გაგვიჩნდა იმედი და რწმენა, რომ სამართალს ვიპოვიდით, ამიტომ ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია, დაუსაბუთებელი მიზეზებით, ერთსა და იმავე საქმეზე დაკავებული პირებიდან ნაწილის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა, ნაწილის კი არა. თხოვნით მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, 19 დეკემბრამდე მოხდეს აღნიშნული ხარვეზის (როგორც თვითონ უწოდეს), გასწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში №9 საპყრობილეს ოცდაექვსი პატიმარი შეუერთდება შიმშილობის აქციას, რომელსაც ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი მეცხრე დღეა აგრძელებენ“ - ნათქვამია პატიმრების მიმართვაში.
მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, დღეს შიმშილობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც გამოაცხადა.

ბეჭდვა