ბულგარეთში სანაპირო დაცვის უწყებათა მე-13 შეხვედრა გაიმართა
ბულგარეთში სანაპირო დაცვის უწყებათა მე-13 შეხვედრა გაიმართა
12:53 18.12.2012
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის უწყებათა ხელმძღვანელების მე–13 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, II რანგის კაპიტანმა ლაშა ხარაბაძემ და სასაზღვრო პოლიციის სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის უწყებათა თანამშრომლობის ფორუმის სხვადასხვა მუშა ჯგუფის საქმიანობის შედეგები განიხილეს. ასევე ისაუბრეს წვრთნის მნიშვნელობაზე და შეთახმდნენ, რომ გაგრძელდეს წარმოდგენილი ახალი პროექტების იმპლემენტაცია, რათა განმტკიცდეს თანამშრომლობა და 2013 წლის ივლისში ბულგარეთის რესპუბლიკის კოორდინაციით წარმატებით განხორციელდეს მომდევნო ,,წვრთნა შავი ზღვის არწივი–2013“.

შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის უწყებათა ხელმძღვანელების მომდევნო, მე–14 შეხვედრას 2013 წლის ოქტომბერში, საქართველო უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მთავარი დირექტორატის დირექტორს, მთავარ კომისარ ზახარინ პენოვს შეხვდა.

შეხვედრისას ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მთავარ დირექტორატს შორის 2013–2014 წლებში თანამშრომლობის ოქმს“ მოეწერა ხელი.

ბეჭდვა