სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო,
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი შემადგენლობით და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, პირველად შეიკრიბა.
სხდომის თანათავმჯდომარე - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარია.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა სახალხო დამცველმა, სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, აღნიშნული საბჭოს მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი ომბუდსმენი გახდა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადვოკატთა ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ჩვენ მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განვახორციელებთ. შევინარჩუნებთ და გარდავქმნით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მოხდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნა, შევცვლით დაზარალებულის როლს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სხვა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად მოახდინოს საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმირება და ის ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბროს, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იყო.
სოზარ სუბარმა, კი, იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული საბჭო მისი უწყების მიმართულებით შეიმუშავებს.
„საქართველოს უმთავრესი პრობლემა გადატვირთული ციხეებია, თუმცა ამას თავისთავად მოხსნის შეკრებითობის წესის შეცვლა, სასამართლო სისტემის რეფორმირება და პირობით ვადამდე გათავისუფლება. დღეს პენიტენციალურ სისტემაში ყველაზე სწრაფად მისახედი თემა ჯანდაცვაა და ამ საბჭოს ფარგლებში ამაზეც ვიმუშავებთ. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებული უფასო იურიდიული დახმარების სამსახური აღარ იქნება პროკურატურის გაგრძელება“ - აღნიშნა სუბარმა.
საბჭოს მორიგი შეკრება მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაიმართება. ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს, უკვე მუშაობის ახალი სტრატეგია ექნება.
