„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარის რეგიონის ადვოკატთა პროტესტზე მთავარ პროკურორს განმარტებისთვის მიმართავენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარის რეგიონის ადვოკატთა პროტესტზე მთავარ პროკურორს განმარტებისთვის მიმართავენ
18:27 17.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარის რეგიონში ადვოკატთა კორპუსის პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და საქართველოს მთავარ პროკურატურას, აჭარის ავტონომიის პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გადახედვის რეკომენდაციით მიმართავენ.

„ჩვენ შევისწავლეთ აჭარის რეგიონში ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა შეხედულებები, აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად ავთანდილ კილაძის დანიშვნასთან დაკავშირებით. სამართლიანად გვეჩვენება საქართველოს მთავარმა პროკურორმა განმარტება გააკეთოს ადვოკატების იმ მოთხოვნების შესახებ, რა დროსაც საგამოძიებო განყოფილების ახალი უფროსის სახელთან დაკავშირებულია ადვოკატების პროფესიულ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლა, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაცვის მხარის მიმართ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები, 2007 წელს ბათუმის უნივერსიტეტში დარბევის პროცესში მონაწილეობა და რეგიონში პოლიტიკური პატიმრებად ქცევის პროცესი“ - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მთავარმა პროკურორმა სამართლიანობის აღდგენის პროცესში უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აჭარის რეგიონის წარმომადგენლობითი ნაწილის მოთხოვნებიც. „სხვა შემთხვევაში, ეს არ მოემსახურება საზოგადოებასა და პროკურატურას შორის ნდობის აღდგენასა და გამჭვირვალობის პროცესს“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, როგორც აჭარაში მოღვაწე ადვოკატებმა განაცხადეს, საგამოძიებო განყოფილების ახალი უფროსი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბათუმის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. ამიტომაც, ადვოკატების შეფასებით, ის ერთ–ერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც რეგიონში მკაცრ სისხლისმართლებრივ პოლიტიკას ხელმძღვანელობდა.



ბეჭდვა