ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღნილი სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს კვლევის ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' პრეზენტაცია გამართა.
კვლევის მიზანს საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის შესწავლა, არსებული პრობლემების გამოვლენა, საზოგადოების ინფორმირებულობა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზების შეთავაზება წარმოადგენდა.
„განხორციელებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს შემუშავებული აქვთ მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტები, უმეტეს შემთხვევაში მედიასთან ურთიერთობა არ წესრიგდება სპეციალური აქტით, მედიასა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები რამდენადმე უკავშირდება გადაწყვეტილების მიმღები პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მედიისადმი.
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა, რომ ძირითად შემთხვევებში მედიასა და ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ზედაპირული ხასიათისაა და მხოლოდ შენობაში დაშვების წესს არეგულირებს“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
პრეზენტაციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური რეკომენდაციებიც წარმოადგინა.
კვლევა IREX-ის G-Media პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
