სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა.
პროექტი 2010 წელს 225 000 ევროს ოდენობით დაფინანსდა და ის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერას 4 მიმართულებით - ტრენინგები, სასწავლო ტურები, საგამომცემლო საქმიანობა და ელექტრონული პროგრამების შემუშავება, ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში ორი წლის მანძილზე განხორციელდა ტრენინგები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა და ტრენერთათვის, მოეწყო სასწავლო ტურები, გამოიცა სახელმძღვანელოები და ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ასევე „სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი“.
კონფერენციის ბოლოს, კვლევითი ცენტრის დაფუძნების საორგანიზაციო დოკუმენტებს მოეწერა ხელი.
