ვანო მერაბიშვილმა დაკითხვამდე კომენტარი გააკეთა
ვანო მერაბიშვილმა დაკითხვამდე კომენტარი გააკეთა
13:22 07.12.2012
საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, დაკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ალოგიკურია იმ ადამიანის დაკითხვაზე დაბარება, რომელიც სახელმწიფოებრიობას იცავდა.

„ორი დღის წინ, პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და რუსეთის სპეც-სამსახურების ყველა აგენტი, ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პოლიტპატიმრებად აღიარა, შესაბამისად, აპირებენ ციხეებიდან მათ გათავისუფლებასაც. არალოგიკურია, რომ ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ და იცავდა სახელმწიფოებრიობას, დაკითხვაზე დადიოდეს“ -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დაკითხვაზე მოგვიანებით, მერაბიშვილის მოთხოვნით, მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი შევიდა.

სახელმწიფო საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და სახელმწიფო მინისტრი 1 დეკემბერსაც დაიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერაბიშვილმა გამოძიებასთან ფაქტიურად არ ითანამშრომლა, რის გამოც დაკითხვაზე მისი ხელმეორედ გამოძახება გახდა აუცილებელი.

ბეჭდვა