სერგო ბიწაძის დაკავებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სერგო ბიწაძის დაკავებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
16:14 06.12.2012
თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის, სერგო ბიწაძის დაკავებაზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის საქმეზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ინსპექტორი სერგო ბიწაძე დააკავა. ბიწაძეს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, გლდანის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა სერგო ბიწაძემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან და მასთან დაახლოებულ პირ რ. მ.-სთან ერთად, მუხაძის “TOYOTA "PRADO"-ს მარკის სამსახურებრივი მანქანით, გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. "შლუზი"-დან, სადაც ავტომანქანით შესვლის უფლება მხოლოდ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, გამოიყვანა ხელბორკილდადებული პატიმარი სერგო თეთრაძე და წაიყვანა დაუდგენელ ადგილას.
დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, სერგო თეთრაძე დაწესებულებაში დააბრუნეს. მას აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რითაც დაირღვა სერგო თეთრაძის კანონიერი ინტერესი.
აღნიშნული ქმედების გამო, 5 დეკემბერს, სერგო ბიწაძეს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დაუსწრებლად წაეყენა ბრალი ალექსანდრე მუხაძესაც, რომლიც საქართველოში არ იმყოფება“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ბეჭდვა