სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობას აპარატის თანამშრომელთა ქმედებების საკითხის განხილვას სთხოვს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქალაქო სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდეს ადგილი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის 16 ნოემბერს, მსჯავრდებულების შალვა და ლაშა შანიძეების ადვოკატმა მაია ახალაძემ სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მას არ მიეცა საშუალება საქმის მასალებს გასცნობოდა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში მიეღო მონაწილეობა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებულის უფლება დაიცვას მის მიერ შერჩეულმა ადვოკატმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუდგენელია ეცნობა თუ არა ადვოკატ ახალაძეს შალვა და ლაშა შანიძეების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის თარიღი და დრო.
სახალხო დამცველი სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას არ გამორიცხავს.
