„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დავით ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დავით ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა
18:21 05.12.2012
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ, მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურას მიმართა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2 დეკემბერს, კვირას, „რუსთავი 2“-ს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში მიწვეულმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტპატიმართა სიებზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს პარლამეტისთვის წარდგენილ სიაში იყო სამცხე-ჯავახეთში ჩადენილ დანაშაულზე გასამართლებული ადამიანი, რომლის სახელიც მან არ დაასახელა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ არის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც სხვა საქმესთან ერთად ბრალად ედება ქართული ეპარქიის დარბევის მცდელობა და ერთი ასეთი მცდელობის დროს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მონაზონს. ამის შემდეგ, ბაქრაძის თქმით, მონაზონი ისე ცუდად გახდა, რომ იგი მკურნალობის მიზნით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
24 ნოემბერს ტვ „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პრეს-პრესში“ მოწვეულმა სტუმარმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა - გოგა ხაჩიძემ ასევე ისაუბრა ვაჰაგნ ჩახალიანზე და განაცხადა - ვის მოუვიდა თავში ამ ადამიანის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანაო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გოგა ხაჩიძის მსგავსად, საუბრობდა ჩვენი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფ ვაჰაგნ ჩახალიანზე, რომელიც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. მისი შეყვანა პოლიტპატიმართა სიაში რეკომენდებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაგნ ჩახალიანი, წლებია, აპროტესტებს მის მიმართ დადგენილ უკანონო განაჩენს. ამ განაჩენში არსად არ არის მოხსენებული მონაზონის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას - ცრუ დასმენას, რომელიც კანონით დასჯადია. იგი არღვევს საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმციას და მიაწერს დანაშაულს, რომელიც სასამართლოს განაჩენის თანახმად, მას არ ჩაუდენია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის უპასუხისმგებლო განცხადება და დაკითხოს იგი საქართველოს მოქალაქის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა