შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,  ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრები,
1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და 1996 წელს დაბადებული ანრი კ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა,  რომ 8 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე,  დაკავებულებმა  ბათუმის  სხვადასხვა რაიონში 21 ძვირადღირებული ავტომანქანა დააზიანეს და  გაქურდეს. როგორც გაირკვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავტომანქანების საქარე მინებს „ატვიორტკითა"და ქვებით აზიანებდნენ და სალონიდან ფულს ან  ნივთებს, ასევე მანქანის მაგნიტოფონებს  იპარავდნენ.
 სამართალდამცველებმა ანრი კ.-ს  სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით,  ერთ-ერთი დაზარალებულის მაჯის საათი ამოიღეს. გამოძიებას რამდენიმე სხვა ნივთმტკიცებაც გააჩნია.
 ორივე დაკავებულმა  ჩადენილი დანაშაული აღიარა.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის (ქურდობა) III-ე ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       