საია სამართალდამცავებს მოქმედებისკენ მოუწოდებს
საია სამართალდამცავებს მოქმედებისკენ მოუწოდებს
13:38 05.12.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩაერიოს იმ დაპირისპირებაში, რაც დღესდღეობით არსებობს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის.
საიას წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ჩარევა შეიძლება გულისხმობდეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ასევე, პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას მუსლიმი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადების გამო, რომელიც მან წინწყაროს კონფლიქტთან დაკავშირებით გააკეთა. კონკრეტულად, კი დეპუტატი აცხადებს, რომ დილის 6 საათზე მუსულმანების ლოცვის მოსმენა შესაძლებელია, რომ ქრისტიან მოსახლეობას არ სურდეს, ასევე დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირღვევა ქრისტიანების უფლებებიც.
„პარლამენტის წევრის მხრიდან უმრავლესობის უფლებების დაცვის საჭიროებაზე ხაზგასმა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში აშკარაა მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა და მათ მიმართ ძალადობრივი მუქარა.
სახელმწიფო თანამდებობის პირების მსგავსი გამონათქვამები ემიჯნება და უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც აღიარებს რელიგიის სრულ თავისუფლებას. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადებები თავისთავად უქმნის საფრთხეს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირების მშვიდობიან თანაცხოვრებასა და სოციალურ სტაბილურობას, ეს საფრთხე მით უფრო იზრდება მაშინ, როდესაც კონფრონტაცია უკვე არსებობს“ - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, გამომდინარე მათი კონსტიტუციური სტატუსიდან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს და შეუსაბამონ ისინი საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, საია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერი გააკეთოს შესაძლო დაპირსპირების პრევენციისა და მუსლიმი მოსახლეობის მიერ რელიგიური პრაქტიკის უსაფრთხო გარემოებაში სრულად რეალიზაციის მიზნით.

ბეჭდვა