ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
10:44 05.12.2012
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის მიერ დასამტკიცებელ პოლიტპატიმართა სიიდან ოქრუაშვილის ამოღების შესახებ.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებდა და არ აპირებს აღნიშნული სიით სარგებლობას იმ მიზნით, რომ ამ გზით მოიხსნას სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს სასამრთლოს მიერ, ან შეიძლება შეეფარდოს მომავალში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის დაბრუნდა საქართველოში, და წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და სამართლებრივი გზით დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება.
ამასთანავე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის გაურკვეველია ზემოთაღნიშნული სიის ჩამოყალიბების კრიტერიუმები და ის გარემოება, თუ რატომ ცვლის საქართველოში ჩამოსვლა პირის პოლიტპატიმრის სტატუსს. კერძოდ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ან სხვა პირები, რომლებიც პოლიტდევნილები არიან, არ ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეიძლება მოხვედრილიყვნენ ამ სიაში, ხოლო თუ დაბრუნდებოდნენ, სიაში ვერ მოხვდებოდნენ“ - ნათქვამია ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე განმარტებით, პოლიტპატიმრის სტატუსს განსაზღვრავს არა პირის ადგილსამყოფელი ან მისი საქმის კვალიფიკაცია, არამედ ის ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა და პატიმრობა შეეფარდა პოლიტიკური მოტივით. ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღნიშნული დადასტურდა ფრანგული მართლმსაჯულების მიერ, როდესაც უარი ეთქვა ქართული მხარის მოთხოვნას მისი გადმოცემის თაობაზე.
„ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რადგან ჩათვალა, რომ მის საქმეს მოეხსნა პოლიტიკური სარჩული და მხოლოდ სამართლებრივი კუთხით მოუწევდა თავისი სიმართლის დამტკიცება. ბოლოს დღეებში სიასთან დაკავშირებული მოვლენები მას აფიქრებინებს, რომ საქმე კვლავ იძენს პოლიტიკურ ელფერს, რაც ცუდი და სახიფათო პრეცედენტია“ - აცხადებს ზვიად კორძაძე.

ბეჭდვა