განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
16:06 04.12.2012
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული პირი გაამართლა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რევაზ ხულორდავას 7–წლიანი საპატიმრო მსჯავრი 2011 წლის 16 სექტემბერს სენაკში მომხდარი დანაშაულისთვის დაედო. მეგობრებთან ქეიფის დროს ხულორდავასა და დაზარალებულ დავით მგალობლიშვილს შორის წარმოშობილ უთანხმოებას რამდენიმე საათის შემდეგ ამ უკანასკნელის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა. გამოძიებამ ბრალის წარდგენისას დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებით იხელმძღვანელა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა რევაზ ხულორდავას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. შედეგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რევაზ ხულორდავას დადებული მსჯავრი მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბეჭდვა