„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის დასახელებას სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის წარმატებად აფასებენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის დასახელებას სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის წარმატებად აფასებენ
12:58 04.12.2012
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაშვებული შეცდომის გასწორება მოახდინა.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის დასახელებას მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი ცნობილი უფლებადამცველი, სამართლის კვალიფიციური სპეციალისტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. ასევე, მივიჩნევთ, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესში საზოგადოებრივი კამპანია იყო სამოქალაქო თვითშეგნების საუკეთესო ტესტი და ამ პროცესში, საზოგადოებრივმა პოზიციამ გაიმარჯვა“ - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს მომავალ სახალხო დამცველს, საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებებსაც სთავაზობს. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, მართლმსაჯულების დეპარტამენტისა და თავად სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები შეთავაზებული უნდა იქნას „საზოგადოებრივი ჯგუფებიდან დასახელებული ომბუდსმენობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ავტორიტეტიც და რეიტინგიც, საზოგადოებაში ურყევი და საპატივცემულოა“.

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველს 7 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ომბუდსმენის პოსტზე შვიდი კანდიდატი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლეიშვილი, უჩა ნანუაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, ნინა ხატისკაცი და ნათია იმნაძე განიხილებოდა.

ბეჭდვა