სახალხო დამცველის აპარატი, მთავარ პროკურატურას მიმართავს შეისწავლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტი და ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით სათანადო ღონისძიებები გაატაროს.
„2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ წინწყაროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლს, მარად ღორჯომელაძეს. ახსნა-განმარტების თანახმად, სოფლის ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი  აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც, მარად ღორჯომელაძეზე ახორციელებს ზეწოლას რელიგიური ნიშნით. კერძოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს მარად ღორჯომელაძეს რელიგიურ ნიადაგზე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა მეჩეთის მშენებლობას დაუწვავდნენ სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაში.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2012 წლის 30 ნოემბერსაც. კერძოდ, მუსლიმურ სალოცავთან შეკრებილი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილმა, მუსლიმების მიერ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულება გააპროტესტა. პროტესტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩარევის შემდგომ, სიტუაცია განიმუხტა და მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური რიტუალების შესრულებაში ხელი არ შეშლია.
„ვინაიდან, მსგავსი ფაქტები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       