ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
10:25 03.12.2012
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი (IBAHRI), დღეს, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“, ანგარიშის - ,,სამართლის უზენაესობის განმტკიცება: ქართველ ადვოკატთა წინაშე მდგომი გამოწვევები და შესაძლებლობები“, პრეზენტაციას გამართავს.
ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში შემუშავებულია ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ფაქტების დამდგენი მისიის მიერ 2012 წლის 23–27 აპრილს, საქართველოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე. საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოსვლის მიზეზს კი წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის საჩივარი, სადაც საუბარი იყო ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის და შევიწროების ფაქტების შესახებ.
ასოციაციის პრესსამსახურის ცნობითვე, ანგარიში განიხილავს ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობის საკითხს და აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც ადვოკატებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში უშლის ხელს. მოხსენება ასევე მოიცავს მოსაზრებებს მართლმსაჯულების საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენენ ნეგატიურ გავლენას ადვოკატთა საქმიანობაზე, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებსა და საპროცესო გარიგებაზე.
შეხვედრაზე ექსპერტები განიხილავენ ასევე ძირითად დასკვნებს და ისაუბრებენ შესაბამისი რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე.
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია(IBA) 1947 წელს დაარსდა და იურიდიული დაცვის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც 45000–ზე მეტი წევრი ირიცხება და 200–მდე ადვოკატთა ასოციაცია და საზოგადოება შედის. ორგანიზაცია 150–მდე ქვეყანას მოიცავს. IBA–ს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის (IBAHRI) ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის შესახებ ცოდნის გავრცელება, აგრეთვე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ადვოკატის პროფესიის დაცვის საკითხები.
პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „შერატომ მეტეხი პალასში“, 17:30 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა