ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგში, სამართლის საბჭოს პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგში, სამართლის საბჭოს პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
17:41 30.11.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ზაზა ხატიაშვილი უკვე დაესწრო ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი (PECO) კომიტეტის სხდომას, რომლის დიდი ნაწილიც ქართველ ადვოკატთა მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა.
ზაზა ხატიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ქართველ ადვოკატთა კორპუსის დასაცავად დაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია ადვოკატთა პრობლემების მოგვარებით, რაც პოზიტიური მოვლენაა.
აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა აგრეთვე სააკაშვილის რეჟიმისგან დევნილი ლალი ჯიმშერაშვილის საქმე, რომელსაც 30 ნოემბერს ბელგიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ქართველ ადვოკატთა ინსტიტუციონალურ დევნას.
ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით, აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას, რათა პროკურატურაში ადვოკატების წინააღმდეგ შესული საჩივრები განსახილველად ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში გადაიგზავნოს , რათა ადვოკატების მიმართ აღარ განმეორდეს ძალადობის ფაქტები.
დღესვე ზაზა ხატიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პრეზიდენტ მარსელა პრონბაუერ გლასერთან.
ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა, ამ შემთხვევაშიც ქართველ ადვოკატთა ინსტიტუციონალური დაცვის საკითხები იყო.

ბეჭდვა