ნარკოდანაშაულის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა
ნარკოდანაშაულის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა
14:43 30.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფ. გაჩიანში, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ავთანდილ ა. დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ავთანდილ ა-ს ერთი ე.წ. "ბაში" ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი" აღმოაჩნდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს , რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავთანდილ ა-ს დაკავების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შედეგად, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს კიდევ ერთი პირი - აზერბაიჯანის მოქალაქე, სუმგაითის მკვიდრი, 1976 წელს დაბადებული სულთან ბ., თბილისში, ისნის რაიონში, ავტომანქანების მეორადი ნაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა სულთან ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 5 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" ამოიღეს.

სულთან ბ-ს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბეჭდვა