სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა,  
დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოებასთან  შეხვედრა გამართეს.
საჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა დებულების ვერსია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების და შენიშვნების ანალიზის შედეგად ორი სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული. 
 
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმის შესახებ საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო  რეფორმა“. მოხსენებები მოიცავდა რეკომენდაციებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი კვლევის და მუშაობის შედეგად შეიმუშავეს. 
ბოლო წლების განმავლობაში კომისიის საქმიანობის მიმართ არსებული შენიშვნები უკავშირდებოდა კომისიისათვის მიმართვის უფლების მქონე პირთა წრეს, განცხადებების განხილვის ვადებს, კომისიის მობილობას, ექიმების, კომისიის წევრების და მოწვეული ექიმ-სპეციალისტების როლების აღრევას, სამედიცინო კრიტერიუმების სიმკაცრეს,  სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხს, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობას, ექიმ-სპეციალისტების მოწვევის პროცედურას და კომისიის დასკვნების გასაჩივრების მექანიზმებს. 
ახალი კომისია უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება და შეუდგება საქმიანობას. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       