კონტროლის პალატა, პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე შემოწირულობის სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე,
კონკრეტული პირების ახსნა-განმარტებების ამონარიდებს ავრცელებს.
კონტროლის პალატამ 6 ასეთი პირის ახსნა-განმარტება გაავრცელა, სადაც ისინი ჰყვებიან, თუ როგორ და რა მიზნით გადარიცხეს შემოწირულობები პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე.
მათ შორის, პირველი ცოლ-ქმარი ბესიკ მუმლაურის და თამაშა ჩიტაია არიან. კონტროლის პალატისთვის მიცემული განმარტების მიხედვით, ცოლ-ქმარმა ჯამში "ქართულ ოცნებას" 15 000 ლარი გადაურიცხა. ბესიკ მუმლაურს "ქართუ ბანკში" ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისაგან 2 780 ლარი ერიცხება, მის ცოლს კი - 1 390 ლარი.
მარიამ მეტრეველის ახსნა-განმარტების მიხედვით კი, 9 თებერვალს საკუთარი დანაზოგიდან "ქართულ ოცნებას" მან 10 00 ლარი შესწირა.
ვახტანგ ედიშერაშვილმა "ქართულ ოცნებას" 10 000 ლარი გადაურიცხა. "ბიძინა ივანიშვილის კომპანია ქართული ოცნება ჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგება,"- აცხადებს ედიშერაშვილი.
გიორგი კობახიძის განმარტებით, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრს ლია შერბაკოვას 300 ლარი ასესხა. "შესაძლებელია მან ჩემს მიერ ნასესხები 300 ლარი მართლაც შეიტანა "დემოკრატიული მორაობა - ერთიანი საქართველოს" ანგარიშზე, თუმცა, მისთვის ეს თანხა ამ მიზნით არ გადამიცია,"- განმარტავს კობახიძე. ლია შერბაკოვას განმარტებით, მას გიორგი კობახიძემ, რომელიც თავადაც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრია, 300 ლარი გადასცა და პარტიის ანგარიშზე შეტანა სთხოვა.
