საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით,
როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოში, ამნისტიის საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება და მაქსიმალურად ცდილობს ამან არ მოახდინოს გავლენა ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის მაჩვენებელზე.
ეს განცხადება სოზარ სუბარმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხეები არის გადატვირთული და ძალიან ხშირად იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, ან მისჯილი აქვთ არაადექვატური სასჯელები. აუცილებელია, რომ ეს მდგომარეობა განიმუხტოს, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამან არ მოახდინოს არანაირი გავლენა კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე“ - აცხადებს სუბარი.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების გამოშვების თემის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კრიმინოგენული ვითარების მოსალოდნელი გართულება არ გამორიცხა.
