საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორი მათ იმ ღონისძიებების შესახებ ესაუბრა, რომელიც პროკურატურამ, უკანასკნელ პერიოდში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაატარა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამართლებრივ დევნას შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. არჩილ კბილაშვილმა დეტალურად განუმარტა უცხოელ დიპლომატებს, რა გახდა მათი დაკითხვისა და დაკავების მიზეზი, რაში ედებათ ბრალი და რა მტკიცებულებებს ემყარება სისხლის სამართლის საქმე. მთავარმა პროკურორმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა გახდა პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის მიზეზი.
„მე უკვე მეორედ ვხდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარი პროკურორის რანგში, პასუხი გავეცი კითხვებს, რომლებიც მათ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო საზოგადოებაც ისევე სრულად იყოს ინფორმირებული ამ საკითხებზე, როგორადაც ინფორმირებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ მათ პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს“ - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც პროკურატურის სიტემის მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
