გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
16:21 21.11.2012
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც დრეს ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მის წინააღმდეგ ახალი აღმკვეთი ღონისძიება არ იქნა გამოყენებული, თბილისის საქალაქო სასამართო განცხადებას ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გ. კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დამძიმდა, აღნიშნული არ წარმოადგენს ახალ სისხლის სამართლის საქმეს. 2012 წლის 8 ნოემბერს პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ზვიად აბესაძის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და სისხლის სამართის საქმე ბ. ახალაიას, გ. კალანდაძის და სხვათა მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ წარმოებად გაერთიანდა, ხოლო მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს კვლავ მომართა ახალი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ გ. კალანდაძის მიმართ არ არსებობს ახალი აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენების სამართლებრივის საფუძველი, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის მიმართ 2012 წლის 9 ნოემბერის განჩინებით უკვე გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო 20 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე გ. კალანდაძეს უკვე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება და აღარ არსებობს მის მიმართ კიდევ ერთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სამართლებრივი საფუძველი“ - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს ინფორმაციითვე, წინასასამართლო სხდომის დადგენილი თარიღი არ შეცვლილა და ის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.


ბეჭდვა