ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანების სარჩელი მამის, ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მწერლის ოტია იოსელიანის შვილები 2011 წლის 3 ივნისსა და 7 ივლისს შედგენილი ანდერძების სრულ გაბათილებას იმ მიზეზით ითხოვდნენ, რომ სადავო ანდერძები სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
სიკვდილამდე, მწერალმა თავის მემკვიდრეებს შორის შვილებთან ერთად, ოჯახის ახლობლებიც დაასახელა. მან მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებს "საქართველოს ბანკის" ბარათზე არსებული მთლიანი თანხა დაუტოვა, მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს ,,ვოლვოს'' მარკის ავტომანქანა და ''ტოიოტას'' ჯიპი, ხოლო "ლიბერთი ბანკის" ბარათზე არსებული თანხა - თამარ გელოვანს უანდერძა. მანვე ეკლესიას 8 000 ლარი, სამხატვრო სკოლას კი - 1000 ლარი დუტოვა. მწერლის შვილებმა თავიანთი სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ თამარ გელოვანი და თემურაზ კეპულაძე დაასახელეს.
სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ 2011 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძი ოტია იოსელიანის დაწერილი არ იყო, თუმცა, მასზე არსებული ხელმოწერა მწერალს ეკუთვნის. ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაწერილი ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის მიერ ხელმოწერის შესრულება ორი მოწმის თანდასწრებით არ მომხდარა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ დასახელდა ყველა ის პირი, ვისაც იოსელიანმა ქონების გარკვეული ნაწილი დაუტოვა. სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს მწერლის ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე. მათი მოთხოვნა ნაწილობრივ, თამარ გელოვანის და თეიმურაზ კეპულაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში დაკმაყოფილდა.
