უზენაესმა სასამართლომ დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა
უზენაესმა სასამართლომ დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა
14:30 07.03.2012
უზენაესმა სასამართლომ დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მოქალაქე ნანა გაუსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც "ნიუსპრესს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, დავის საგანს 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენდა.

2005 წლის 10 მაისს გურჯაანის რაიონის გამგეობასა და ნანა გაუსს შორის 30 ჰექტარ ფართობის მიწის ნაკვეთზე (საძოვარი) 20 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა. გაუსი იჯარას ყოველწლიურად იხდიდა და დავალიანება არ ერიცხებოდა. მან 2010 წელს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, აღნიშნული ნაკვეთის პრივატიზებაზე განცხადებით მიმართა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელემ შეასრულა "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოსგან უარყოფითი პასუხი მიიღო. იგივე მოთხოვნით ნანა გაუსმა ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც ასევე უარყოფითი პასუხი მიიღო.

2011 წლის 31 იანვარს მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა. უზენაესმა სასამართლომ გაუსის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანად ჩათვალა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.


ბეჭდვა