იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების საბოლოო ვარიანტი მომავალ კვირაში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას გაეგზავნება.
ამის შესახებ დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სანდრო ბარამიძემ ელექტრონული დემოკრატიის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
2012 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მასზე ღია დიკუსია შესთავაზა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკვე დღეისათვის, სამინიტროს ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურნენ. საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის სამინისტროს წერილობით გადმოუგზავნეს.
„ამ ეტაპზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები დოკუმენტებს ეცნობიან, გაიმართება იუსტიციის საბჭოს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-სა და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები, რის შემდეგაც ყველა გონივრული შენიშვნა და მოსაზრება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტში აისახება“ - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ამგვარად შეჯამებული პროექტის საბოლოო ვარიანტს იუსტიციის სამინისტრო ვენეციის კომისიას გადაუგზავნის.
