ციხეების ალტერნატიული მონიტორინგის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ციხეების ალტერნატიული მონიტორინგის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11:27 12.11.2012
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ციხეების ალტერნატიული მონიტორინგისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების განხილვას იწყებს.

ამ მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა აცნობეს, შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

„ჩვენი მიზანიააღარასდროს დავუშვათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა საქართველოს ციხეებში.საზოგადოებრივი კონტროლი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია“ - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა
შეხვედრაზე.

„2007 წლიდან მოყოლებული მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველს
შეეძლო ციხეებში საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. ალტერნატიული მონიტორინგი კი დამატებითი საშუალებაა ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისა და წამების პრევენციისათვის“ - ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციაში.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ეფექტური კონტროლის აუცილებლობას გაეროს წარმომადგენლებიც ეთანხმებიან და ქართულ მხარესტან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები დროულად გამოვლინდეს, სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და საზოგადოების თვალში ციხის ლეგიტიმურობა გაიზარდოს. UNDP მზად არის იმუშაოს სამინისტროსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისათვის“ - განაცხადა შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა ცნობით, პენიტენციარული სისტემის ალტერნატიული მონიტორინგის შესახებ მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბეჭდვა